უკვე 12 წელია, რაც ლიზ ჰოლი „მაინდფულნესის” (გაცნობიერებულობის) პრაქტიკას ნერგავს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ბუღალტრული კომპანია -KPMG, ბრიტანული სახელმწიფო უწყებები – NHS და Kent County Council და, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი მედია წარმომადგენელი NEWS UK.
ლიზი არის ფართოდ აღიარებული ქოუჩი. ბოლო 30 წლის განმავლობაში მან მოიპოვა არაერთი პრიზი ჟურნალისტიკის სფეროში: ბიზნესის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ის არის „სამუშაო გარემოს მაინდფულნესის“ საერთაშორისო სამიტის თანადამფუძნებელი.
ლიზი სწავლების მიხედვით, თანამედროვე ლიდერები ხელს უწყობენ თაივიანთ თანამშრომლებს გამოავლინონ სრული პოტენციალი.
ახალი სტილის ბიზნეს ლიდერები აცნობიერებენ ქოუჩინგის ძალას. ამ მიდგომის გამოყენებით, მათი თანამშრომლები ყალიბდებიან სტაბილურ, შემოქმედებით და პროდუქტიულ ინდივიდებად. მაინფულნესისა და თანაგრძნობის კომბინაცია წარმოადგენს გაცნობიერებული ქოუჩინგის საზრისს, რაც საბოლოოდ გუნდისთვის წარმატების მომტანია.
ამ პრაქტიკის შესახებ ავტორი ყოვლისმომცველად საუბრობს წიგნში Coach Your Team. მე კი გაგიზიარებთ იმ 5 მთავარ რჩევას, რასაც ლიზ ჰოლი თანამედროვე ლიდერებს მოუწოდებს
- დაიწყე საკუთარი თავით – ქოუჩინგი, პირველ რიგში, შინაგანი პროცესია, რაც შემდეგ გარემოზე აისახება. დააკვირდით, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი ფიქრები რეალობას. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: „რა იყო ის წარმატებული გადაწყვეტილებები, რაც მსგავს სიტუაციაში მიმიღია? რა დასკვნების გამოტანა შემიძლია ამ გამოცდილებიდან? ამასთან ერთად რეგულარულად შეასრულეთ მაინდფულნესის სავარჯიშოები. მაინფულნესი, ანუ გაცნობიერებულობა, ეხმარება ლიდერებს გამოიმუშაონ თანაგრძნობის უნარი როგორც სხვა ადამიანების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. ეს პრაქტიკა ხელს შეგიწყობთ იყოთ მიწასთან ახლოს, აწმყოში და გახდეთ უფრო შემოქმედებითი და ეფექტური ლიდერულ საქმიანობებში.
- შეეკითხე, სანამ ეტყვი – გირჩევთ, რომ ყოველთვის შეახსენოთ თქვენ თავს ეს მოწოდება. თუ გსურთ, რომ იყოთ ქოუჩის ტიპის ლიდერი – არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის დირექტივები გასცეთ, რაც დირექტორებს ახასიათებთ. თანამშრომლობა და გუნდის წევრების აზრების გამოკითხვა გაზრდის მათ ჩართულობას, შემოქმედებითობასა და პროდუქტიულობას. ქოუჩინგის მიდგომის მიხედვით, ლიდერმა თანამშრომლებს უნდა ჰკითხოს, თუ რა საკითხებზე სურთ საუბარი, რა მიმართულებით განიხილავენ ისინი ამ თემებს და რომელ სასურველ შედეგებს მოელიან.
- არ შეგეშინდეს ემოციების – დაინტერესდით თანამშრომლების ემოციური მდგომარეობით, ჰკითხეთ როგორ გრძნობენ თავს. ემოციებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ენერგეტიკული მდგომარეობაა ჯგუფში და ეს ინფორმაცია გამოიყენოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არსებობს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის მრავალი წარუმატებელი ქეისი, როდესაც თანამშრომლების ემოციური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის გამო პროგრამამ კრახი განიცადა.
- მოუსმინე გულისყურით – ამ წიგნში დეტალურად არის აღწერილი მოსმენის 6 დონე: საუბრის შეწყვეტა, (რომელიც, რეალურად არც ითვლება მოსმენად) თქვენი ჯერის მოლოდინი, რჩევის მიცემა, ყურადღებიანი მოსმენა, აქტიური მოსმენა, და გულისყურით მოსმენა. გულისყურით მოსმენა ქოუჩინგში ნიშნავს სრულყოფილ მოსმენას, როგორც არავერბალურ, ასევე ვერბალურ, ენობრივ დონეზე და ამ პროცესში საკუთარ რეაქციებზე დაკვირვება, ანუ, საკუთარი თავის მოსმენა. მაგალითად, ქოუჩინგის პროცესში, მოულოდნელად, შეიძლება იგრძნოთ სიბრაზე და გაიაზროთ, რომ ეს ემოცია არაფერში გამოგადგებათ. ამ ცოდნის გამოყენება ადამიანებს ეხმარება კომუნიკაციისას ისეთი საკითხების წარმოჩენაში, რომელიც, როგორც წესი, შეუმჩნევლად ახდენს ზეგავლენას საქმიან პროცესზე.
- წაახალისე პასუხისმგებლიანობა – თუკი გუნდში ვინმემ გადაწყვიტა გამოიჩინოს ინიციატივა, გვერდში ამოუდექით და თვალყური ადევნეთ მის პროგრესს. ურჩიეთ, რომ გარემოცვაში იპოვონ კომპანიონები, რომლებიც გაამხნევებენ მას და დაეხმარებიან დაწყებული საქმის ბოლომდე მიიყვანაში.
ამ და სხვა პრაქტიკულ რჩევებზე საუბრობს ლიზ ჰოლი თავის ბესტსელერში “Coach Your Team”. თანამედროვე გამოწვევები რეალურად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში ქოუჩინგ კულტურის დანერგვა. ამ წიგნით ავტორი გვანახებს გზას ბიზნესის ორგანიზაციული განვითარებისკენ, რაც პირველ რიგში, მოცემული რეალობის გააზრებიდან მომდინარეობს.
ავტორი: ვანო ყუფარაძე