რამდენად დიდია დედამიწა იმისთვის, რომ მისი ყველა კუთხე-კუნჭული გამოვიკვლიოთ? ალბათ, ძალიან დიდი. მართლაც, დედამიწის კვლევას თუ დავიწყებთ, ერთი ადგილიდან მეორეში გადავლისას, შეიძლება რაღაც გამოგვეპაროს ან ამ დროის განმავლობაში შემოსავლელ ადგილთა რაოდენობა უსასრულოდ გაიზარდოს. ჰოდა, ამ მილიონ ლოკაციათაგან ლილიპუტებისა და გოლიათების სამყარო სწორედ ის ადგილებია, სადაც გულივერი სრულიად შემთხვევით, მოულოდნელად აღმოჩნდა.
როგორ წარმოუდგენლადაც უნდა ჟღერდეს მთისა და ჭიანჭველისხელა ადამიანის არსებობა, მაინც შეიძლება, ჩვენს წარმოსახვას, ოცნებებსა და მხატვრულ ლიტერატურას გასაქანი მივცეთ და მათი საშუალებით ლილიპუტებთან ან გოლიათებთან ვიმოგზაუროთ, აღმოვაჩინოთ ახალი მიწები, ახალი ადამიანები და კულტურები, რომლებიც აქამდე არავის შეუსწავლია.
როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდა გულივერი ახლა, 21-ე საუკუნეში ადამიანთა შორის რომ ეცხოვრა?
ალბათ, ყველა ჩვენგანს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებდა იმას, რომ სამყაროს ბოლომდე შესწავლა შეუძლებელია და მაშინაც კი, როცა ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით მარიანის ღრმულის ხილვაც კი შეიძლება, მაინც არსებობს ადგილი, რომელიც ადამიანის ხელისა და თვალისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი და უცხოა. გულივერი იქნებოდა პირველი მათ შორის, რომელიც ახალ ექსპედიციებზე, მთვარეზე გამგზავრებასა და კონტინენტებს შორის გემით მოზაურობაზე დათანხმდებოდა. რაც უფრო მეტ ადგილს მიაკვლევდა, მით მეტად დაგვარწმუნებდა, რომ სამყაროს საზღვრები უსასრულოა, ხოლო თითოეულ ექპედიციას თავის მატიანეში აღწერდა ან მხატვრულ ლიტერატურულ მოთხრობათა კრებულად გამოსცემდა.
გულივერი გახსნიდა ყველაზე იდუმალი სამყაროს უდიდეს ჭიშკარს ადამიანთათვის და აქამდე დაფარულ, იდუმალ სამყაროს ხელის გულზე გადაუშლიდა. რაც მთავარია, ლიტერატურის სამყაროს რეალურ, ანდაც წარმოსახვითი სამყაროს გამოცდილებათა კრებულს დაუტოვებდა.
და თქვენ რას იზამდით – ახვიდოდით გულივერის გემბანზე უსასრულოდ სამოგზაუროდ?