Home / Articles / ჰეკლბერი ფინი თანამედროვე სამყაროში

ჰეკლბერი ფინი თანამედროვე სამყაროში

მარკ ტვენმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლით“, ფაქტობრივად, დროს გაუსწრო და შემოგვთავაზა სრულიად ახალი, ჯანსაღი ხედვა სამყაროს მიმართ. მან რასიზმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პრობლემად მიიჩნია და შექმნა ლიტერატურული პერსონაჟი, ჰეკლბერი ფინი, რომლის ბავშვური, კეთილი ბუნება გულწრფელად წუხდა და  ეწინააღმდეგებოდა ყველანაირ ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ადამიანების მიმართ.

როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდა ჰეკლბერი თანამედროვე სამყაროში, სადაც უთანასწორობის პრობლემა ორი საუკუნის შემდეგაც აქტუალურია?

წარმოიდგინეთ ჰეკის სრულიად უმანკო, კეთილი, სათნო და სამართლიანი ბუნება 21-ე საუკუნის დაუნდობელ სამყაროში. როგორ მოიქცეოდა ის? ადამიანთა უფლებებს სახალხოდ დაიცავდა? უამრავ ადამიანთან ერთად იბრძოლებდა?

ალბათ, მისი ჩუმი სიკეთე ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებოდა თანამედროვე სამყაროსთვის და ის კვლავ გააგრძელებდა ზრუნვას კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა პიროვნული თავისუფლება ყველაზე დიდ დაცვასა და გაფრთხილებას მოითხოვს. ჰეკმა ზუსტად იცის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მილიონის და ასე, თავისთვის გააკეთებდა დიდ, თუმცა გაუხმაურებელ სიკეთეებს და ნაცრისფერ სამყაროს სიკეთის ფერებს, თავისებურ ტონებს შემატებდა.

ჰეკლბერი ფინი იქნებოდა ჩვენი მეზობელი,  მეგობარი, პარტნიორი წრეში ბურთში და ეზოში „დიდი ბიჭების“ მიერ დაჩაგრული პატარა და უმწერო გოგო-ბიჭების დამცველი. ის იქნებოდა  ჩვენ გვერდით მაშინ, როცა ეს დაგვჭირდებოდა და ყოველ წამს გაგვახსენებდა, რომ მანამ იარსებებს სამყარო, სანამ ადამიანებს სიკეთის კეთება შეგვეძლება.

Comments are closed.

Scroll To Top