ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ინგლისური ენის სწავლებისას არის გრამატიკა, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე. მასწავლებლებისთვის გრამატიკის სწავლება კი ნამდვილად დიდი გამოწვევაა, იშვიათად თუ არიან გრამატიკის სწავლისას დაწყებითი კლასის მოსწავლეები მოტივირებულები. ბავშვებისთვის მხოლოდ წესების ახსნა და გაცნობა არ არის გამოსავალი, რადგან მათ აქვთ გარკვეული ასაკობრივი მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათი სწავლის პროცესს უფროსებისგან. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ გრამატიკის გაკვეთილის დაგეგმვაში და აგრეთვე იმ საკითხებს, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ დაწყებით საფეხურზე.
გრამატიკის სწავლების მთავარი პრინციპები
- კონტექსტი
ბავშვებს უჭირთ აბსტრაქტული ცნებების, სქემების გაგება და გრამატიკული წესების გამოყენება. გრამატიკის კონტექსტში სწავლება ამარტივებს გრამატიკული საკითხების შინაარსობრივ გააზრებასა და მათი სტრუქტურის დამახსოვრებას, რის შედეგადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ წინადადებები. კონტექტსში სწავლება გულისხმობს, რომ მოსწავლე მშრალ წესებს კი არ იზეპირებს, არამედ გააზრებული აქვს ესა თუ ის წესი და მისი გამოყენების სპეციფიკა. კონტექსტუალური სწავლებით მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ენასა და კონკრეტულ სიტუაციას, შემდეგ კი თავად აყალიბებს წესს და ქმნის ახალ პროდუქტს (კომუნიკაციის დროს სწორად აწარმოებს გრამატიკულ სტრუქტურებს); Macmillan Education-ის სახელმძღვანელო Tiger Time მორგებულია გრამატიკის კონტექსტში სწავლებაზე. სახელმძღვანელოს აქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც სიმღერების, თამაშებისა და სხვა სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეს შეასწავლის გრამატიკას კონტექსტში.
- სიმარტივე
ლექსიკა, რომელსაც იყენებთ გრამატიკული მასალის ახსნის დროს, უნდა იყოს მარტივი, ის უნდა განისაზღვროს მოსწავლეების დონის მიხედვით. ეცადეთ ახსნის დროს ისეთი სიტყვები გამოიყენოთ, რომლებიც მოსწავლეებისთვის ნაცნობი იქნება. აწმყო განგრძობითი დროის ახსნისას (Present Continues), შეგიძლიათ დაფაზე დაწეროთ “მე ვწერ” ან სხვა მოსწავლეზე მიუთითოთ: “ის ისმენს”. ამ მაგალითით ნათელი გახდება არა მხოლოდ წესის შინაარსი, არამედ მისი სწორად გამოყენების სპეციფიკაც. აწმყო განგრძობითი დროის ახნის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ, miming ტექნიკა, რაც გულისხმობს გარკვეული მოქმედებების იმიტაციას. სახელმძღვანელო Next Move მოიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც გრამატიკის სწავლებას სახალისოსა და იოლს ხდის. სპეციალური გრამატიკული პრეზენტაციები თუ ანიმაციური დავალებებით მოსწავლე იმახსოვრებს გრამატიკულ სტრუქტურებს და მათი გამოყენების წესებს.
- თამაშები
კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი, გრამატიკის სწავლებისას, არის თამაშების გამოყენება. თამაშები მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას. მათთვის საინტერესო ხდება სწავლების პროცესი და მარტივად ითვისებენ უცნობ გრამატიკულ მასალას. მაგალითად, თუ გაკვეთილის თემაა Present Simple, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი თამაში, როგორიცაა “Snowball”: თქვენ ამბობთ წინადადებას, შემდეგ თითოეულ მოსწავლეს სთხოვთ გაიმეოროს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადება და დაამატოს თავისი ნაწილი.
Teacher: I play video games on Mondays. Student: I play video games and watch films on Mondays.
ამ ტიპის სავარჯიშოებით ბავშვები ხალისით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სწავლობენ გრამატიკას. თანამედროვე სახელმძღვანელო Global Stage იდეალურად ერგება გრამატიკის სწავლების ამ უახლეს მეთოდებს და აერთიანებს ისეთ სავარჯიშოებს, რომლებიც მორგებულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებზე.
- გამეორება
მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურზე აუცილებლად უნდა გაიმეორონ განვლილი გრამატიკული მასალა, რადგან დიდია იმის შანსი, რომ უკვე ნასწავლი, მალევე დაავიწყდეთ. არ მისცეთ მოსწავლეებს მოდუნების საშუალება და ეცადეთ, ყოველი თავის დასრულების შემდეგ გაიმეოროთ განვლილი მასალა. სახელმძღვანელოში Big English ყოველი თავის შემდეგ მოცემულია შემაჯამებელი დავალებები, რაც განვლილი მასალის განმტკიცების საშუალებას იძლევა. სახელმძღვანელოს აღნიშნული ნაწილი უზრუნველყოფს მოსწავლის თვითშეფასების ჩამოყალიბებას და მასწავლებელს ნათელ წარმოდგენას უქმნის რა დონეზეა მოსწავლე.