რამდენჯერ გიფიქრიათ ალტერნატიულ რეალობაზე, პარალელურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი მაგიისა და მისტიკის საზღვრებშია მოქცეული? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეალობასთან შეგუება გვიჭირს და მისგან გაქცევა გვინდა.
Lewis Carroll-ის ნოველა „Alice’s Adventures in Wonderland“ თავგადასავლებით სავსე, სარკის მიღმა, პარალელურ სამყაროზე გვიყვება. მისი მთავარი პერსონაჟი, ალისა კი ორ რეალობას შორისაა მოქცეული. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა ის, როგორც თანამედროვე სამყაროს გმირი ?
Christopher Nolan-ის ფილმში “Interstellar” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი Murphy მამის კოსმოსში გაფრენას ძალიან განიცდის და თავისთვის, მარტო დარჩენილს წიგნების თაროს მიღმა ხმა ესმის – წიგნები თავისით ცვივიან იატაკზე. თავიდან გაკვირვებული Murphy მალევე ხვდება, რომ თაროებს უკან იმალება მამა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცრემლიანი თვალებით კოსმოსში გააცილა. ამ შემთხვევის შემდეგ Murphy-სთვის წიგნების თაროს პარალელური მხარე ის ადგილია, სად ყოფნაც მისთვის ყველაზე სანატრელია.
რეალურად, წარმოსახვის ნაყოფია თუ სინამდვილე ალტერნატიული რეალობა, რომელში მოხვედრაც ასე გვინდა, არავინ იცის, თუმცა ერთი რამ ცხადია: მაშინ, როცა ჩვენი რეალობა რადიკალურად იცვლება და მასში ცხოვრება აღარ გვინდა, წარმოსახვის უნარს ვიშველიებთ, რომ როგორმე დავემალოთ, გავექცეთ და თვალი არ გავუსწოროთ მომხდარ ამბებს, ცვლილებებსა თუ იმ ფაქტებს, რომლებმაც ჩვენი რეალობა ასე შეცვალეს. ზოგი ჩვენგანი ალტერნატიულ სამყაროში იწყებს ცხოვრებას. Murphy-ც სწორედ ამას აკეთებს – რეალობას გაურბის და ცდილობს, მამასთან დასაბრუნებელი გზა იპოვოს.
ახლა Murphy-ს ცოტა ხნით Alice დაარქვით, იფიქრეთ, როგორია ისეთ რეალობაში ცხოვრება, რომელიც თქვენი სურვილების ზუსტი ანარეკლია და მიხვდებით, რომ, სინამდვილეში, თანამედროვე ალისა თითოეული ჩვენგანია. შეიძლება, ყოველთვის და ყოველდღე არა, მაგრამ მაშინ მაინც აუცილებლად, როცა ვხვდებით, რომ ამ რეალობაში არაფერი გვესაქმება და ალტერნატიულში გამგზავრება თავის დახსნის ერთადერთი საშუალებაა.
იქნებ, ალტერნატიული რეალობა წარმოსახვის ნაყოფი სულაც არ არის?